13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.
გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი იყო გაზეთ "კვირის პალიტრის" საიტზე და ჟურნალ "ოსკარში" განთავსებული გოგონების ფოტოები გენახათ, შეგერჩიათ საუკეთესოს ნომერი და მითითებულ მისამართზე გაგეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, საზეიმო ცერემონიალზე მოსულ თინეიჯერ ბიჭებს გავესაუბრე.
ლუკა (14 წლის): - თავიდან ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა გოგო ლამაზი იყო, ამიტომ მამას ვთხოვე დახმარება. მანაც აყვავებული იაპონური ალუბლის ფოტო მოძებნა და მკითხა, ამ ყვავილებში შეგიძლია საუკეთესო გამოარჩიო? ეს გოგონებიც ამ ყვავილებს ჰგვანან და იმიტომაც გიჭირს არჩევანის გაკეთებაო. მამის რჩევით, არჩევანი მათ შორის გავაკეთე, ვისაც პირადად ვიცნობ. გარეგნობას მათი ხასიათიც დავუმატე და... ჩემი რჩეულის ვინაობას ვერ გავამხელ. სხვები გაბრაზდებიან (ეცინება).
სანდრო (16 წლის): - კონკურსის შემდეგ სიამოვნებით ვიმეგობრებდი ნებისმიერ მათგანთან. ვფიქრობ, რომ გოგონებს ასაკის შესაფერისად უნდა ეცვათ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და დედაჩემის ტოლი ქალების სტილი არ უხდებათ.
დათუნა (18 წლის): - პოეტობის ნიჭი რომ მქონდეს, ყველას დავუწერდი ლექსს. გამარჯვებულს ვულოცავ და გალაკტიონის სტრიქონებით მივეფერები: "13 წლის ხარ და შენი ტყვეა, ჭაღარა გულის ზმანება ავი..." ახლა მართლა ისეთ ხასიათზე ვარ, “13-ჯერ უნდა მოვიკლა”თავი, რომ სულ მცირე 13 კონკურსანტი გოგონას ყურადღება მივიქციო (ეცინება).
პროექტის სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: სასტუმროების ქსელი "რჩეული"; საიუველირო მაღაზიათა ქსელი "დელფოსი"; სალონი "კონტინენტალ X"; შუზკაფე "მადონა"; გერმანული კოსმეტიკის კომპანია "ველედა"; იტალიური სპასალონი "ტენ ექსკლუზივი" და ფრანგული კოსმეტიკის კომპანია "დიუმონი"; ესთეტიკური ცენტრი "ზოდი იმიჯი"; მაღაზიები: "კონვერსი", "დე ფაქტო", "ევიტა პერონი" და "აუტლეტი"; მაღაზიათა ქსელი "საფილო"; კოსმეტიკური ფირმა "ეივონი"; ფოტოსტუდია "ბომონდი"; სამოდელო სააგენტო "სლაიდი".
ზამთრის სეზონის რჩეულს გამარჯვებულის ლენტი გადასცა 2009 წლის "მის თინეიჯერმა" ირინა მწარიაშვილმა.
No comments:
Post a Comment